დღეს, 30 აპრილს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. ზაზა ვაშაყმაძემ ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რაც პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს, როცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანას რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პრობლემა აქვს, საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეთნიკურმა და რელიგიურმა ჯგუფმა უნდა დააფასოს სახელმწიფოსა და ერთმანეთის ღვაწლი და ძალისხმევა, რომელიც ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანაარსებობის გარანტიებს ქმნის.
უხუცესთა საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს ხელმძღვანელობას და აღნიშნეს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელია არსებული პრობლემების მოგვარება. გამოითქვა იმედი, რომ ურთიერთობა ხეობის უხუცესებსა და სააგენტოს შორის კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 