20 ივნისს გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მთავარეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან. აღინიშნა, რომ სააგენტო ინდივიდუალურ ფორმატში იწყებს თანამშრომლობასა და არსებული პრობლემების განხილვას საქართველოში არსებულ ყველა კონფესიასთან.
სააგენტოს თავმჯდომარემ აცნობა სტუმარს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო განიხილავს ოთხი ძირითადი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების საკითხს და მათ შორისაა სომხური სამოციქულო ეკლესიაც. ვაზგენ მირზახანიანმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ სააგენტოს შექმნით საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ყოველივე ეს ხელს შეუწყობს რელიგიის სფეროში დღეისათვის მომწიფებული საკითხების გადაწყვეტას. სტუმრებმა შესთავაზეს სააგენტოს ხელმძღვანელებს, გაიზიარონ მეზობელი ქვეყნების გამოცდილება რელიგიის შესახებ კანონის მიღების თაობაზე. სომხეთსა და აზერბაიჯანში ასეთი კანონი მოქმედებს და ამით გამიჯნულია არაერთი რელიგიური საკითხი.
შეხვედრაზე ისაუბრეს აგრეთვე სომხური ეკლესიები მდგომარეობასა და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე.
სააგენტოს თავმჯდომრაემ შესთავაზა სტუმრებს შესაბამისი წინადადებების მომზადება და წარმოდგენა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 