მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2016-2017 წლების ანგარიში
რელიგიის სააგენტოს 2016-2017 წ.წ. ანგარიში
07.03.2018
1 / 25


7 მარტს, 12 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ  2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა..

            პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ: საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

            მოწვეულ სტუმრებს ანგარიში წარუდგინა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, განსაკუთრებით - ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მუდმივად უხეშად ირღვევა მკვიდრი მოსახლეობის - ქართველების უფლებები რელიგიის, გამოხატვის, გადაადგილების თავისუფლების თვალსაზრისით. ასევე, მიმდინარეობს ქართული სასულიერო კულტურის ძეგლების თვითნებური „რესტავრირება“ , რათა წაიშალოს ქართული კვალი.

            სააგენტოს თავმჯდომარე შეეხო „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში სამხარეო ადმინისტრაციების, მერიების, საკრებულოებისა და გამგეობების წარმომადგენლებისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარებულ ტრენინგებს „სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის“ თემაზე. ასევე, ისაუბრა სააგენტოს საქმიანობაზე საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით; რელიგიური ორგანიზაციებისთვის გაწეულ დახმარებებზე და სხვა.

            სააგენტოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების : საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა  სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი  ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, საქართველოს სახარების რწმენის, ევანგელურ-ბაპტისტური, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების,  საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის,  სახარების რწმენის ქრისტიანთა გაერთიანებული (ორმოცდაათიანელთა) ელესიის წარმომადგენლებმა. 

            რელიგიურმა ლიდერებმა დადებითი შეფასება მისცეს რელიგიის სააგენტოს საქმიანობას და აღნიშნეს, რომ მიუხედავად სააგენტოს შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით თავდაპირველი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, რელიგიის სააგენტოს სამწლიანმა საქმიანობამ დაადასტურა, რომ ამგვარი ინსტიტუციის შექმნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი და გააზრებული ნაბიჯი იყო. მათი თქმით, სააგენტოს სახით უკვე არსებობს სტრუქტურა, რომელსაც ისინი პრობლემების გადასაწყვეტად მიმართავენ; თუმცა, დასანანია ის, რომ სააგენტოს ფართე უფლებამოსილება არ გააჩნია და მის რეკომენდაციებს ცალკეული ჩინოვნიკები ზოგჯერ არ ითვალისწინებენ. ამისათვის კი, რელიგიურ ლიდერთა აზრით, აუცილებელია რელიგიის სააგენტოს უფლებამოსილება გაიზარდოს.

            რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციის  (ეზიდთა  სასულიერო საბჭოს, ევანგელიურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, ევანგელურ-ბაპტისტური, სახარების რწმენის ეკლესიები) ლიდერი შეეხო საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს, რომლის თანახმადაც  საქართველოს მთავრობა 4 რელიგიურ ორგანიზაციას  - ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ, და სომხურ-სამოციქულო აღმსარებლობის რელიგიურ გაერთიანებებს აფინანსებს და გამოთქვეს სურვილი, რომ ამ ორგანიზაციათა რაოდენობა გაიზარდოს.

            რელიგიური ლიდერები ასევე, შეეხნენ რელიგიის შესახებ კანონის შემუშავების აუცილებლობას და  არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. მათი აზრით, ამ შემთხვევაში ყველა პრობლემა შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოებში განიხილება და გადაწყდება.






View Larger Map