მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
რელიგიის სააგენტოს შეხვედრა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან
27.08.2021
1 / 6


აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის სააგენტოს დელეგაციამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტში შეხვედრა გამართა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, რელიგიური გაერთიანებების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელს ფაზაილ იბრაჰიმლის შეხვდნენ.

აზერბაიჯანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში მაქსიმალურადაა დაცული ეთნიკური აზერბაიჯანელების უფლებები, მათ შორის, რელიგიური უფლებები. მან, ასევე, გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული  მთლიანობისადმი აზერბაიჯანის სახელმწიფოს მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მეგობრობას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე დაინტერესდა აზერბაიჯანის სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკით. ვიცე-სპიკერის თქმით, რელიგიური ტოლერანტობა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია და აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მას. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქართულ მხარეს 1992 წელს მიღებული რელიგიის კანონი გააცნო. ეს არის კანონი თავისუფალი აღმსარებლობის შესახებ, რომელშიც ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებები დაცულია და ეს კანონი, ფაზაილ იბრაჰიმლის თქმით, საქართველოსთვისაც საინტერესო და გასაზიარებელი უნდა იყოს. ვიცე-სპიკერმა ქართულ მხარეს საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით ექსპერტთა დახმარება შესთავაზა.

შეხვედრის დასასრულს, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში პირველად განხორციელდა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, რომელიც ბევრ სასიკეთო საქმეს ჩაუყრის საფუძველს და ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს გადაიყვანს ახალ საფეხურზე, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდება ორი ქვეყნების ურთიერთობაში.

დღის ბოლოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის წარმომადგენლების პატივსაცემად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის სახელით სადილი გაიმართა.